ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო - PACE
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გასული წლის რეზოლუციის გათვალისწინებით, ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ რეზოლუციაში ნახსენები რეკომენდაციები, გაითვალისწინონ ამავე რეზოლუციაში გამოთქმული შეშფოთება.

„ამ მხრივ, [ასამბლეა] კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – წერია რეზოლუციაში.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, სამომავლო რეფორმების წარმართვისათვის, ქვეყანაში ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.

„[ასამბლეა] მხედველობაში იღებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად“, – წერია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, მიჰყვეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის;

ასამბლეა კვლავ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიას.

წყარო: პუბლიკა
Print