რუსეთიდან ფულადი გზავნილების წლიური მატებით საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა
2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებით, დაახლოებით, 2 მლრდ დოლარი გაიგზავნა, რაც, მინიმუმ, 2012 წლიდან რეკორდული მოცულობაა.

ამის შესახებ სააგენტო RBC-ის გადარიცხვების სტატისტიკაში არის ნათქვამი, რომელიც საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ტრანზაქციებს მოიცავს. სააგენტოს კვლევა ფულადი გზავნილების საბანკო ინფრასტრუქტურისა და ფულადი გზავნილების სისტემების, Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის მონაცემებს ეყრდნობა.

RBC-ის ცნობით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411,3 მლნ დოლარი გადაირიცხა, რითაც 2022 წლის მაჩვენებელმა წინა მაჩვენებელს ხუთჯერ გადააჭარბა.

2022 წლის 11 თვის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან სომხეთში ტრანსფერების მოცულობა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა და 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს 2004 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემებში როგორც საბანკო სისტემის, ასევე, ფულის გადარიცხვის სისტემების ტრანსფერები არის გათვალისწინებული.

ყაზახეთში 2022 წელს მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემით რუსეთიდან 357 მლრდ ტენგე, ანუ დაახლოებით 775,4 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც, სულ ცოტა, 2014 წლიდან რეკორდული მოცულობაა. დოლარის მაჩვენებელი 2021 წელს ყაზახეთში გაგზავნილი ტრანსფერების მოცულობას 6,8-ჯერ აღემატება.

უზბეკეთში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2022 წლის ბოლოს 14,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ერთი წლის განმავლობაში 2,6-ჯერ გაიზარდა. ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა განპირობებული იყო რუსული რუბლის მნიშვნელოვანი გამყარებით დოლართან მიმართებაში და რუსეთში სავალუტო შეზღუდვების შედეგად შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების ოფიციალურ არხებზე გადასვლით.

ყირგიზეთში 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთის ფიზიკურმა პირებმა მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემებით 2,6 მლრდ დოლარი გაგზავნეს, რაც 2021 წლის 11 თვის მონაცემებზე მხოლოდ 6%-ით მეტია. ეს მაჩვენებელია 2005 წლიდან მოყოლებული პერიოდისთვის არის რეკორდული. ყირგიზეთი, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან ერთად, რუსეთში შრომითი მიგრანტების შედინების თვალსაზრისით პირველი სამი ქვეყნის შორისაა.

როგორ შეიცვალა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 2021-2022 წლებში - 11 თვის მონაცემები ასეთია:
  • ყაზახეთი 579%-ით მეტი (2022 წელს 0,8 მლრდ დოლარი; 2021 წელს 0,1 მლრდ დოლარი)
  • საქართველო - 403%-ით მეტი (2022 წელს 2,1 მლრდ დოლარი; 2021 წელს 0,4 მლრდ დოლარი)
  • სომხეთი - 306%-ით მეტი (2022 წელს 3,2 მლრდ დოლარი; 2021 წელს 0,8 მლრდ დოლარი)
  • უზბეკეთი -160%-ით მეტი (2022 წელს 14,5 მლრდ დოლარი; 2021 წელს 5,6 მლრდ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 6%-ით მეტო (2022 წელს 2,6 მლრდ დოლარი; 2021 წელს 2,5 მლრდ დოლარი)

RBC-ის შეეფასებით, რუსი ფიზიკური პირების მხრიდან რეკორდული გზავნილები რელოკაციისა და საბარათე ტურიზმის გამო გახდა პოპულარული.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები