აზერბაიჯანმა ირანიდან გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ირანიდან საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია.

საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები თეირანიდან ბაქოში სპეცრეისით 29 იანვარს, ღამით ჩაიყვანეს.

აზერბაიჯანული სააგენტოს, Trend-ის ცნობით, თეირანი დატოვა საელჩოს 53-მა თანამშრომელმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, საელჩოში დარჩა 5 ადამიანი, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობას არ განახორციელებენ და მხოლოდ საელჩოს შენობის და მისი ქონების დაცვა ევალებათ.

27 იანვარს, ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს. მოკლულია დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. დაიჭრა ორი თანამშრომელი.

ირანის პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომლის ქმედება შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო პირადი პრობლემებით. ამ შეფასებას არ ეთანხმება აზერბაიჯანის ხელისუფლება. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი და გამოძიებას სწორედ ამ კვალიფიკაციით მოითხოვენ.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები