ამბიცია არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია - რა ცვლილებებია მოსალოდნელი „ენმ“-ს მარნეულის ორგანიზაციაში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბაიშვილმა გაიმარჯვა. ხაბეიშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით რადიო „მარნეულმა“ ენმ-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაწერა. ჩვენთან საუბრისას ლაშა ქველაძემ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიიღეს პარტიისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მხარი ცვლილებებს დაუჭირეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია!
ეხლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად, პოლიტიკური ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი და ამ ბრძოლაში მარნეული იქნება ბრძოლის ავანგარდში“.
- აცხადებს ენმ-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ქველაძე

არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა მარნეულის საკრბეულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნარგიზა ალიევამ. ის აცხადებს, რომ არჩევნებში ძალიან დიდი აქტივობა ქვემო ქართლიდან, განსაკუთრებით კი მარნეულიდან იყო.

„ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლევან ხაბეიშვილს და ეს დღევანდელი შედეგებითაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესში იყო გარკვეული ხარვეზები, ეს ეხებოდა რეგისტრაციას და ხმის მიცემის პროცესსაც, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობდით, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე ადგილობრივად, რომ ეს ხარვეზები აღმოგვეფხვრა. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ახალი გუნდისაგან, ახალი თავმჯდომარისაგან. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება. ხაბეიშვილის მთავარი პრიორიტეტი და სტრატეგიაა ენმ-ს გაძლიერებული ბრძოლა დღევანდელ ხელისუფლებასთან. მთავარი მიზნის მისაღწევი წყარო კი ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობაა პარტიის საქმიანობაში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ პარტიის სხვა წევრებთან. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში ყველას ჰყავდა თავისი ფავორიტი კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანად არ ვიმუშავებთ“.

ნარგიზა ალიევამ „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში მოსალოდნელ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები იქნება არა მარტო მარნეულში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

„რაიონულ ორგანიზაციებში პრობლემა არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში იყო. ინფრასტრუქტურის და მენეჯმენტის პრობლემა ყველგან იყო. თავადაც იცით, რომ მარნეულში ამ პრობლემების პიკი იყო, რადგან მარნეულში მენეჯმენტის პროცედურა არც ისე კარგ დონეზე იყო. როგორც ცენტრალურ, ისე რაიონულ ორგანიზაციებშიც, რა თქმა უნდა იქნება რეორგანიზაცია და ცვლილებები. დღეისათვის მარნეულში პრაქტიკულად არ გვყავს შტაბის თავმჯდომარე და არაა ისეთი მენეჯერები, ვინც შეძლებდა ხალხის მობილიზებას და ცვლილების მოხდენას ჩვენს რეგიონზე. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში ჩვენი პარტია ახალი ძალებით, ძველ მხარდამჭერებთან ერთად იბრძოლებს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის“.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა თავად ნარგიზა ალიევა მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, გვპასუხობს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი ამბიცია. ასევე აცხადებს, რომ ჯერ არ შეუძლია ამ თემაზე მეტის თქმა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.

ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვა კანდიდატებმა.

გთავაზობთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს:
ნონა მამულაშვილი -1537 ხმა, 3,73%;
ნიკა მელია – 16476 ხმა, 40%;
გიორგი მუმლაძე -1516 ხმა, 3.68%;
ლევან ხაბეიშვილი -21636 ხმა, 52,58%.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები