„ჟურნალისტი მაინც იმავე პასუხს მიიღებდა“ - ახალციხის მერია „მთავარის“ სიუჟეტზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბექა ყორშიას მიერ მომზადებული სიუჟეტი „მერიის დისკრედიტაციის მორიგი პროვოკაციული მცდელობაა“.

მერიის განცხადებით, „კითხვა რომ პროვოკაციული იყო და აუზიც შენდება, ამას მიუთითებდა თუ არა ვინმე მერიის თანამშრომელს, ჟურნალისტი მაინც იმავე პასუხს მიიღებდა“.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციის გავრცელებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, რომლის ავტორიც ბექა ყორშიაა. ძალიან მალე ახალციხელებს თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ექნებათ, აუზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში გაგრძელდება, ტენდერის შედეგად უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

როგორც ფეიკსიუჟეტიდან გამოჩნდა, ჟურნალისტის მიზანს არ წარმოადგენდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და თავიდანვე ორიენტირებული იყო მერიის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციაზე, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

კითხვა რომ პროვოკაციული იყო და აუზიც შენდება, ამას მიუთითებდა თუ არა ვინმე მერიის თანამშრომელს, ჟურნალისტი მაინც იმავე პასუხს მიიღებდა. ბექა ყორშიას მხრიდან, მდარე ხარისხის პროვოკაციული „ექსპერიმენტი“ განხორციელდა.

დაბოლოს, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად ვერანაირი ფეიკნიუსები და პროვოკაციები ვერ გადაფარავენ ამ სიკეთეებს“,
– წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პოსტ ფაქტუმის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ყურადღება გამახვულებული იყო საცურაო აუზზე, რომელიც ახალციხეში უნდა აშენებულიყო. სიუჟეტის ავტორმა, ბექა ყორშიამ ექსპერიმენტი ჩაატარა და ახალციხის მერიის პრესსამსახურს ტელეფონით დაუკავშირდა და „ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანაშემწის“ სახელით გაეცნო. მან მერიის თანამშრომელი გააფრთხილა, რომ „მთავარი არხიდან“ დაურეკავდნენ და ჰკითხავდნენ, რატომ არ შენდება აუზი – „თქვენ უნდა უპასუხოთ, რომ პროვოკაციული კითხვაა, აუზი შენდება“. მოგვიანებით ყორშია მერიის სამსახურს კვლავ დაუკავშირდა და იკითხა, რატომ არ შენდება აუზი, რაზეც პრესსამსახურის თანამშრომელმა იდენტური პასუხი დაუბრუნა – „ეს პროვოკაციული კითხვაა, აუზი შენდება“.



აუზის მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის აგვისტოში 11 604 343 ლარის ტენდერი გამოაცხადა, სექტემბრიდან კი წინადადებების მიღება დაიწყო. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გამარჯვებულ კომპანიას საცურაო აუზის მშენებლობა 18 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები