რუსული ზეთის საექსპორტო გადასახადი თებერვალშიც ნულოვანი იქნება
რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი, ოქტომბერ-იანვრის პერიოდის მსგავსად, თებერვალშიც ნულოვანი დარჩება. ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „აგროინვესტორი“ ავრცელებს.

შროტზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე იანვრის მაჩვენებლიდან, ანუ 1,8 ათასი რუბლიდან 2,2 ათას რუბლამდე (26-დან 31,55 დოლარამდე) გაიზრდება.

ცნობისათვის, ზეთის საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო ფასის მიხედვით გამოითვალა, რაც ტონაზე, ერთი თვის წინადელ 1207,6 დოლართნ შედარებით, 1162,5 დოლარამდე შემცირდა. ტონა შროტზე პირიქით, ინდიკატორულმა ფასმა 246,2 დოლარიდან 247,6 დოლარამდე მოიმატა.

რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის - მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.

დადგენილების თანახმად, რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადის გაანგარიშების საბაზისო ფასმა ტონაზე, 1 000 დოლარის ნაცვლად, 82 500 რუბლი (1 415 დოლარი), ტონა შროტზე კი, 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლი (238 დოლარი) შეადგინა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

განულებამდე, ანუ სექტემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 8621,3 რუბლს, (დაახლოებით, 122 დოლარს) შეადგენდა.

„როსსტატის“ მონაცემებით, მზესუმზირის რაფინირებული ზეთისა და მისი ფრაქციების წარმოებამ ნოემბერში 229,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით, ხოლო 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 9,7%-ით ნაკლებია.

წყარო: BPN

Print