EBRD-მა 2022 წელს საქართველოში 218 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკას 2022 წელს გამოყოფილი 218 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციებით ჯანდაცვის სექტორში და ენერგოეფექტურობაში, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) დაფინანსების უზრუნველყოფით ადგილობრივი ბანკების საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსების მეშვეობით. ბანკი განაგრძობდა კერძო სექტორზე ფოკუსირებას და ქვეყანაში მისი მთლიანი ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა - ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-ი ავრცელებს.

„2022 წელს ჩვენ დავეხმარეთ ჩვენს კლიენტებს ინკლუზიური, მწვანე და მეტად გაციფრულებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ვაჭრობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი საწარმოებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას, მათ შორის, პარტნიორი ბანკების მეშვეობით და ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტირება სკოლების ენერგოეფექტურობაში და ხელი შევუწყვეთ ჯანდაცვის სექტორის მუშაობას, ამავე დროს, გავზარდეთ გენდერული და ინკლუზიური აქტივობები ჩვენს კლიენტებთან ერთად სამუშაო ადგილებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.“

2022 წლის ერთ-ერთი აღსანიშნავი მოვლენაა სკოლების შენობების განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. EBRD-ის 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ევროკავშირიდან (EU) და დამატებითი დაფინანსება KfW-დან გამოყენებული იქნება სკოლებში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს ზოგად ენერგოუსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ასევე, გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს სკოლის მოსწავლეებისთვის.

12 მილიონი ევროს ინვესტირებით, ბანკმა განაგრძო კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში. ბანკმა ასევე წამოიწყო კაპიტალის ბაზრების ახალი ინსტრუმენტი AT1 წამყვან პარტნიორ ბანკთან ერთად. ეს არის ამ ტიპის პირველი და მნიშვნელოვანი პროდუქტი კაპიტალის ოპტიმიზაციისა და ქვეყნის ფინანსური ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, განსაკუთრებით სავალუტო ბაზრის დანაკარგის განცალკევებისთვის რისკების შესამცირებლად.

რეგიონში ვაჭრობის პროცესი დაზარალდა პანდემიის დროს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, ამიტომ, ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად, EBRD-მა პარტნიორი ბანკებისთვის უზრუნველყო ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი სავაჭრო ნაკადების შესანარჩუნებლად. მხოლოდ საქართველოში, ბანკმა ხელი შეუწყო 60 მილიონი ევროს ღირებულების სავაჭრო დაფინანსების ტრანზაქციებს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამ ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით.

მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისთვის აუცილებელია მცირე ბიზნესის წარმატებული საქმიანობა, ამიტომ EBRD-მა გააფართოვა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 109 მილიონი ევროს გამოყოფით ადგილობრივი ბიზნესისთვის სესხების გასაცემად.

ბანკი ასევე აწვდიდა ბიზნეს რჩევებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს 74 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, რათა კომპანიებს გაეფართოებინათ და გაეუმჯობესებინათ თავიანთი საქმიანობა კრიზისის დროს. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეების და მენეჯერების გადამზადებით.

ბანკი ასევე დაეხმარა ორ ახალდაარსებულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას საქმიანობის გაფართოების პროცესში, რითაც გააძლიერა რეგიონის სამეწარმეო ეკოსისტემა.

ბანკმა განაგრძო საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებაც, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასთან და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ.

ინვესტიციებთან ერთად, EBRD-მა განაგრძო პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობა. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს თავისი ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

ბანკი ასევე დაეხმარა საქართველოს ეროვნულ ბანკს უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში კაპიტალის ბაზრების განვითარების გასაძლიერებლად.

ბანკის გენდერისა და ინკლუზიის სტრატეგიების შესაბამისად, EBRD აგრძელებდა ძალისხმევას, გენდერული ჩართულობის უზრუნველსაყოფად თავის პროექტებში თანაბარი შესაძლებლობების შექმნით მამაკაცებისთვის, ქალებისათვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

მთლიანობაში, EBRD-ის „მწვანე“ დაფინანსებამ საქართველოში 2022 წლისთვის ბანკის მთლიანი ინვესტიციების მოცულობის რეკორდულ 61 პროცენტს მიაღწია.

ბანკის პროექტების საერთო რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 283-ს, საერთო ინვესტიციების მოცულობა დღეისათვის 5 მილიარდ ევრომდეა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები 81 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები