ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მივაღწიეთ - ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს
ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.

„ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე, მთავრობასთან ერთად.“,
– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, მაგალითად, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება.

„მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების წერილობით ვერსიას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-მა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის შეფასებით, 12 პირობიდან ამ დრომდე საქართველოს არ შეუსრულებია 6 პირობა, ნაწილობრივ შეასრულა – 3; მეტწილად შეასრულა 2 პირობა, ხოლო ერთი პირობა სრულად შესრულებულია.

გარდა ამისა, სხვადასხვა ორგანიზაცია, სამუშაო პროფილის გათვალისწინებით, პერიოდულად ავრცელებს განცხადებას, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივ ან საერთოდ არ სრულდება.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები