დასკვნა ჩვენი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს - საპატრიარქო სამინისტროს
საპატრიარქო ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევენ განმარტებას.

„აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით” გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას.“
– ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა გელათის მონასტრის მდგომარეობის შეფასების ანგარიშს, რომელიც ჩუბინაშვილის ცენტრმა 30 იანვარს გამოაქვეყნა. სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია.

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ მომზადებულ ანგარიშს ცენტრის ხელმძღვანელი არ იცნობდა და ის პროცედურული დარღვევით მომზადდა. რის გამო ანგარიშის მომზადების საკითხი სამინისტროს მიერ დამატებით სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს.

ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის ტაძრის რესტავრაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ავტორები წერენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა, ძეგლზე სამუშაოები კი ქაოსურად და ფრაგმენტულად მიმდინარეობს.

ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტები, ასოციაცია „ჯოვანი სეკო სუარდოს“ რესტავრატორთა მიერ მომზადებულ მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგიას „შემაშფოთებელს” უწოდებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი მოხატულობის კონსერვაცია უკიდურესი მეთოდოლოგიური დარღვევებით ჩატარდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავის მხატვრობის ავთენტური სახე შეილახა.

ექსპერტების თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევა პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ჩარევაზე არაფერი იყო ნათქვამი და ხელშეკრულებების ჩანაწერი მხოლოდ მხატვრობის „სრულ კონსერვაციას“ ეხება. ამგვარი „თვითნებობა“ კი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს და ხელშეკრულების პირობებს სცდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტაძარში დაზიანებული ფრესკების კონსერვაცია-რესტავრაციამდე აუცილებელია შენობის სრული გამოშრობა და პროფესიონალების მიერ ტაძრის მოხატულობების კონსერვაცია მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს.

ანგარიშში ცალ-ცალკეა მიმოხილული გადახურვისა და ფრესკების კონსერვაციის გარშემო არსებული პრობლემები.

წყარო: პუბლიკა

Print