ადვოკატის თქმით, ბათუმში პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაკავებულზე იძალადეს - დაწყებულია გამოძიება
ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში იძალადეს.

ინფორმაცია ადვოკატმა თავდაპირველად თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

„ქ. ბათუმის პოლიციის 7 განყოფილება სასაკლაოს მოწყობით როდის მერე დაკავდით?!დაკავებულ ადამიანს პოლიციის განყოფილებაში ორჯერ შუბლში წყლის ჭიქას რომ ჩაარტყამ პოლიციელი/პოლიციელები, თავს გაუხეთქავ, ტვინის შერყევას მიაღებინებ, შემდეგ სავადმყოფოში მიყვანისას მთელი ღამე ბორკილებს, რომ არ მოხსნი თავგახეთქილ და ტვინის შერყევა მიღებულ ადამიანს, წამების ასეთი ფორმა საიდან მოიფიქრეთ?! ველოდებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამის და ოპერატიულ რეაგირებას“,
– წერს პაპიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 31 იანვარს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატუმრობა მიუსაჯა.

ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები