გაიზრდება თუ არა დეპორტირებული ქართველების რაოდენობა - ევროკავშირი წესებს ამკაცრებს
ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, საქართველოსთან მიმართებით არსებითი არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რეადმისირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამასთან, მცირდება საქართველოს იმ მოქალაქეებს რიცხვი, ვისაც თავშესაფარი ეძლევა, შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო შეიზღუდოს. შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდეს.

თუმცა გიორგი გოგიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ყველა ქვეყნის მოქალაქეს ეხება.

ცნობისთვის, ევროკავშირი იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება. ამის შესახებ მიგრაციის პოლიტიკის შესახებ წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მომდევნო არაფორმალური შეხვედრა 10 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მეთაურის შეკრების წინ გაიმართება, სადაც დღის წესრიგში მიგრაციაც დადგება.

გიორგი გოგიშვილი: “ეს არ არის ახალი გამოგონილი ველოსიპედი, ეს არის უბრალოდ პროცედურა, რომელიც პერიოდულად შეიძლება კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით, ან სხვადასხვა ქვეყანაში ამოქმედდეს. არსებითი სიახლე ამაში არ არის.

ის რომ, ახლა ეს პროცესი დაიძრა, გამოწვეულია იქიდან, რომ რამდენიმე მილიონი ლტოლვილი გაჩნდა ევროპაში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდი რესურსების ხარჯვასთან. მათ შორის, თავშესაფრიდან დაწყებული, სოციალური შემწეობით დამთავრებული. ეს არ არის მარტივი, თითოეული მიგრანტის შენახვა წელიწადში, სახელმწიფოს დაახლოებით, 25 000 ევრომდე უჯდება.

რაც შეეხება დეპორტაციას, პრინციპში აქაც სიახლე არაფერია, როდესაც უარი ეთქმებოდა თავშესაფარზე ადამიანს, მას ეძლეოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. თავისთავად, იქნებოდა ფაქტები, როდესაც ეს ბოროტად იქნა გამოყენებული პოტენციური ლტოლვილების მხრიდან, შესაბამისად, ისინი არ ტოვებდნენ ქვეყანას, ცდილობდნენ იქ დარჩენილიყვნენ არალეგალურად, რაც ქვეყნისთვის დამატებით ხარჯებთან და საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, კრიმინალთან. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, ეს ეხება ყველა იმ მიგრანტს, რომელიც ჩადის ევროკავშირის მითითებულ ქვეყნებში.

საქართველოსთან მიმართებით არსებითი არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. სახელმწიფო კარგად თანამშრომლობს და რეადმისირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამასთანავე, მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების რაოდენობაც, შესაბამისად, ეს პროცესი შეიძლება უფრო შეიზღუდოს და უფრო ნაკლებ ადამიანს მიეცეს თავშესაფარი, შესაბამისად, მოხდეს მათი დეპორტაცია“,-
ამბობს გიორგი გოგიშვილი.

კითხვაზე, საქართველოდან ყოველწლიურად გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ფონზე, გაიზრდება თუ არა დეპორტირებულთა რაოდენობაც, „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსალოდნელია ზრდა, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში.

წყარო: BPN

Print