გიგა ბოკერია - დრამატულია, რომ რუსეთთან ორმხრივი ფრენების აღდგენის განხილვა გვიწევს
დრამატული უკვე ის არის, რომ რუსეთთან ორმხრივი ფრენების აღდგენის განხილვა გვიწევს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.

ბოკერიას თქმით, ჩვენი „ქვეყნის ბედისთვის დრამატული რომ არ იყოს, სასაცილო ვითარება იქნებოდა“.

„ეს ახასიათებს ხოლმე პუტინის რეჟიმს, იმ ავტოკრატებისგანაც კი, ვინც მას „გაუგორებს“, კიდევ უფრო მეტს ითხოვს. თუ ჩაიშლება და არ აღდგება ფრენები - ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენთვის დრამატული უკვე არის ის, რომ ამის განხილვა გვიწევს.

ჩვენ დღეს ამას კი არ უნდა ვიხილავდეთ, როდის აღდგება რუსეთთან ფრენები, აღდგება თუ არა, ან რას ითხოვს ჩვენგან ჩვენი მტერი, არამედ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს და ვიხილავდეთ, როდის მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, აშშ-სთან, როდის მივიღებთ იარაღს, როდის ვიქნებით ნატოს წევრი და გვექნება აშშ-სთან სამხედრო შეთანხმება, რომ დაცულები ვიყოთ. ამის მაგივრად მიდის განხილვა, ვინ რას გაუგორებს კარასინს და როდის აღდგება ორმხრივი ფრენები, თუ საერთოდ არ აღდგება“,
- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print