6 თვეში 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისი აზრითაც ქვეყანა სწორად ვითარდება — NDI
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის თანახმად, 2022 წლის ივლისთან შედარებით, დეკემბერში 14%-ით გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეს მაჩვენებელი ივლისში 23%-ს უტოლდებოდა, დეკემბერში კი გამოკითხულთა 37%-მა თქვა, რომ ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს არჩეული.


კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით დადებითი შეფასება ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გაიზარდა, კერძოდ, 52%-დან 75%-მდე, ხოლო ყველაზე კრიტიკულად განწყობილნი არიან თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები.

ამის პარალელურად, ასევე შემცირდა იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს.


კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 55% ამბობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა „ცუდ მდგომარეობაშია“, დეკემბერში კი ეს მონაცემი 48%-მდე შემცირდა.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები