ღარიბაშვილი: საქართველო, როგორც რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.


“ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ. დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”,
- წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით, ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print