ლარსის საზღვარი ორივე მხრიდან დახურულია - როდის აღდგება მოძრაობა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით
რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა.

ირკვევა, რომ გზა დაკეტილია ქართული მხრიდანაც. ორივე შემთხვევაში, მიზეზი უამინდობაა.

შემოსავლების სამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, რომ სხვა შემზღუდავი ნორმა გარდა კლიმატური პირობებისა, არ არსებობს.

„გუშინ, გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ზვავსაშიშროების გამო მთლიანი გზა ლარსამდე ჩაკეტილია. სხვა რამე, შემზღუდავი ნორმა საქართველოს მხრიდან არ არსებობს“,
- განუცხადეს შემოსავლების სამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს“.

გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ზვავსაშიშროება უკვე მოხსნილია, 2-3 საათში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, რაც შეეხება ტრაილერების მოძრაობას, მას არა საავტომობილო გზების დეპარტამენტი, არამედ საპატრულო პოლიცია არეგულირებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ეტაპობრივი აღდგენის შესახებ.

ინფორმაციისთვის, როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ლარსის დაკეტვის მიზეზი არის უამინდობა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის „შემდეგ გაფრთხილებამდე“.

წყარო: BPN

Print