თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის
ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა.
ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით
ავრცელებს.
Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება.
განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის
პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები
დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის
თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ
მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა.
ცნობისათვის, თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს დილის
საათებში მოხდა, რის შედეგადაც, თურქეთსა და სირიაში 1 500-ზე მეტი
ადამიანი დაიღუპა. მეორე მიწისძვრა - 7,5 მაგნიტუდის - დღეს შუადღისით
მოხდა.
ცნობისათვის, ჯეიჰანის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული
აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკიდან საქართველოს გავლით
ნავთობსადენი უერთდება. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ)
მილსადენით შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება.
ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების
ნავთობი გადაიქაჩება.
ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ
- საქართველოს, 1076 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის
გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს აღემატება.
2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ექსპორტირებული 224 388 520 ბარელი
ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში, 305 ტანკერში ჩაიტვირთა.
2006 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჯეიჰანის
ტერმინალიდან ბთჯ-ით ექსპორტირებული 4 მლრდ ბარელზე მეტი ნავთობით
ჩატვირთული 5250 ტანკერი გავიდა.