მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მუშაობა შეაჩერა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი
თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა.

ცნობისათვის, თურქეთში
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს დილის საათებში მოხდა, რის შედეგადაც, თურქეთსა და სირიაში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეორე მიწისძვრა - 7,5 მაგნიტუდის - დღეს შუადღისით მოხდა.

ცნობისათვის, ჯეიჰანის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკიდან საქართველოს გავლით ნავთობსადენი უერთდება. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობი გადაიქაჩება.

ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ - საქართველოს, 1076 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს აღემატება.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ექსპორტირებული 224 388 520 ბარელი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში, 305 ტანკერში ჩაიტვირთა.

2006 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჯეიჰანის ტერმინალიდან ბთჯ-ით ექსპორტირებული 4 მლრდ ბარელზე მეტი ნავთობით ჩატვირთული 5250 ტანკერი გავიდა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები