ალბანეთში მინდია ლავასოღლი დააკავეს
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ტირანაში უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით მინდია ლავასოღლი დააკავეს და საქართველოში ექსტრადიციისთვის ამზადებენ.

ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ლავასოღლი გუშინ, 6 თებერვალს დააკავეს. უწყების განცხადებით, მას ბრალად ედება ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა, რომელიც ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

მინიდია ლავასოღლიზე (იგივე მინდია გორაძე) საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. ის თურქეთში გადავიდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და 2020 წლის 20 ივნისამდე საექსტრადაციო პატიმრობაში ჰყავდათ გაურკვეველი მიზეზით.

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში 2020 წლის პირველი ივნისიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა, შიმშილობდა 15 ადამიანი.

2020 წლის 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მინდია ლავასოღლი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ბელორუსში გადავიდა. ამ ინფორმაციას თავდაპირველად საქართველოს პროკურატურა არ ადასტურებდა. ამ უწყებაში განმარტავდნენ, რომ საექსტრადაციო პროცედურის დასრულებას ისევ თურქეთში ელოდნენ, თუმცა შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირება საქართველომ ამჯერად ბელორუსიის ხელისუფლებას მოსთხოვა.

ამის შემდეგ ლავასოღლი ოდესის აეროპორტში დააკავეს.

წყარო: ნეტგაზეთი

Print