რა წერია სახდეპის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ავრცელებს 2022 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

57-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეთავში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ექსპრეზიდენტზე საუბრისას სახდეპი ძირითადად ციტირებს და ამბობს, რომ ამ წლის განმავლობაში მაშინდელმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ, არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას სააკაშვილისთვის ჯეროვანი და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოწოდებით.

სახელმწიფო დეპარტამენტს მაგალითად მოჰყავს ლომჯარიას რამდენიმე განცხადება, მათ შორის გასული წლის 11 მარტის განცხადება, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით – „დროული, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ზუსტი დიაგნოზისა და შესაბამისი სამედიცინო ზრუნვის ნაკლებობა შესაძლოა უთანაბრდებოდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს“.

ანგარიშში ასევე საუბარია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა დასკვნაზე, სადაც სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულადაა შეფასებული.

ამავე ქვეთავში ნახსენებია, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, გაუქმებამდე კი ეს უწყება, ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით, იძიებდა სააკაშვილის საქმეს, მათ შორის, მის გადაყვანას რუსთავიდან გლდანის პენიტენციურ კლინიკაში.

სააკაშვილის სახელი და გვარი სახდეპის ანგარიშის კიდევ ერთ ქვეთავშია ნახსენები, კერძოდ, პოლიტპატიმრების. აქ წერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მას სწორედ პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print