მარნეულში მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე არსებული დ. მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 1 893 840 ლარიანი ტენდერი მეორედ გამოცხადდა. პირველი ტენდერი, რომელიც ორი თვის წინ გამოცხადდა, მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "როუდ ქონსთრაქშენ"-მა მიიღო, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.  ახალ ტენდერში მონაწილეობა 8-13 აპრილის პერიოდში იქნება შესაძლებელი.

ხიდის რეაბილიტაციის თანხის 95%-ს ცენრალური ბიუჯეტი, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსებს. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის და ხიდისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

"გათვალისწინებულია არსებული განათების ბოძების და მოაჯირების დემონტაჟი, ხიდის სავალი ნაწილიდან მრავალჯერ გადაგებული ასფალტბეტონის ფენის
მოხსნა, ტროტუარებზე მოზაიკური ფილების დემონტაჟი, არსებული დაზიანებული ტროტუარის ბლოკების დემონტაჟი. ფოლადის მოაჯირების კონსტრუქცია ინდივიდუალურია და შედგება ფოლადის კვადრატული მილებისაგან, რომელიც შედუღებით მაგრდება ტროტუარის ბლოკებზე მოწყობილ სპეციალურ ტუმბებში დაბეტონებულ ფოლადის ჩასატანებელ დეტალებზე. პროექტში გათვალისწინებულია საპროექტო ფოლადის მოაჯირების შეღებვა. ესტოკადაზე გათვალისწინებულია წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ
გათვალისწინებულია გზის გაგანიერება 4,50 მეტრამდე, რომელსაც ცალი მხრიდან გაუყვება ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი და გარდა ზემოაღნიშნულისა პროექტით გათვალისწინებულია რკინიგზის გადასასვლელზე ფეხითმოსიარულეთათვის სპეციალური ფილების მოწყობა." - ,
წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.


საპროექტო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები