კახა კალაძე - სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას - ყველაფერს აკეთებს, რომ ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული და მიზანმიმართულად არ იღებს შესაბამისი კალორიულობის საკვებს.

მან კლინიკა "ვივამედის" განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხოს.

„ახალი არაფერი ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაანახოს საზოგადოებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა არის ცუდი. რეალურად არის ის, რომ ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს, ძალიან მარტივია. შეიძლება "ვივამედში" დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას"
,-განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში" დარჩენის ან სხვაგან გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.

"ერთი ცხადია, რომ ეს ადამიანი თავის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია"
,-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს".

„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები