ამბროლაურში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ძაღლების ცოფით დაავადების 7 შემთხვევაა გამოვლენილი ქალაქ ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში - კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, გორი.

ვირუსი დაუდასტურდა 4 პატრონიან, 2 უმეთვალყურეო და ერთ მიკედლებულ ძაღლს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ცოფის გამოვლენის კერებში იცრება დაავადების ამთვისებელი ყველა შინაური ცხოველი, ტარდება ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები.

სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით, სააგენტოს ვეტერინარები ახორციელებენ საინფორმაციო მასალების გავრცელებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფრთხილე! ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს; საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს (ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა #17).

აღსანიშნავია, რომ ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა; უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება“,
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები