რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ღარიბაშვილი „მეხუთე კოლონის“ ორგანიზებულს უწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7-8 მარტის აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას განაგრძობს.
ამჯერად პარლამენტის ტრიბუნიდან უწოდებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ე.წ. მეხუთე კოლონის მიერ მართულ ექსტრემისტულ, რადიკალურ და ანარქისტულ ძალებს“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ძალადობრივი აქციების“ ორგანიზებაში, „პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მის მიერ კონტროლირებადი ახალგაზრდული ორგანიზაციები“ მათ შორის, ღარიბაშვილი ენმ-ის და „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და „ფრანკლინის კლუბს“ ასახელებს:

„ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების, შიდა მტრების ე.წ. მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და აქ ე.წ. რევოლუციის მოწყობა. ბოლო მცდელობა, შეგახსენებთ, ახლა უკვე ორიოდე კვირის წინ 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული რადიკალური ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები ნაცმოძრაობის, გირჩი მეტი თავისუფლების, ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები.

თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა,“
— ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ასევე ახსენებს ევროპარლამენტარებსაც და აცხადებს, რომ იმ დროს, როცა თბილისში მისი შეფასებით „ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას“, მათგან მოდიოდა მოწოდებები, რომ „ახლა იყო დრო რეჟიმის დამხობისა და შეცვლის“:

„ასევე მე შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ჩვენ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრებისგან, რომ ახლა არის დრო ამ რეჟიმის დამხობის შეცვლის და ა.შ.

ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენ ქვეყნის მტრებმა. საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება და რომ არ დავუშვათ აქ რაიმე კონფრონტაცია და ომის გადმოტანა“
— ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება მიმდინრე წლის მარტში გეგმავდა რუსული კანონის მიღებას, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და მედიის უდიდესი ნაწილის „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებდა. დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დაკარგავდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და საერთოდ, ევროპულ პერსპექტივად.

მსლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონის მიღებაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები