SOCAR-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო.

ამის შესახებ შვილობილ კომპანია SOCAR Midstream Operations-ის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბთჯ-ისთვის წარმოებული თენგიზის საბადოს ნავთობის პირველი პარტია აქტაუს პორტიდან ბაქოს სანგაჩალის ტერმინალამდე ტანკერმა, „პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევმა“ 23 მარტს გადაზიდა.

ბთჯ-ით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რაც წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტს ითვალისწინებს.

SOCAR Midstream Operations-ის ცნობით, ყაზახური ნავთობის შემდეგი პარტია აქტაუს პორტიდან ბაქოში ტანკერ „შუშათი“ 27 მარტს გაიგზავნება. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ „2023 წლის ბოლოსთვის ბთჯ-ის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტისთვის კასპიის ზღვაზე, აქტაუდან სანგაჩალის ტერმინალამდე სულ 12-14 სატანკერო რეისი შესრულდება.“

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბთჯ-ის მილსადენში ყაზახური ნავთობის მისაღებად SOCAR-მა სანგაჩალის ტერმინალის ტერიტორიაზე 2022 წელს „ნავთობშემგროვებელი მილსადენების ქსელი განაახლა, რამაც ბთჯ-ის გამტარუნარიანობის გამოყენების შესაძლებლობა გაზარდა.“

ცნობისთვის: მიმდინარე კვირის დასაწყისში აქტაუს პორტიდან ბაქოს მიმართულებით ყაზახეთის კიდევ ერთი საბადოს, კაშაგანის ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა, რომელიც, ასევე, ბთჯ-ით ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. კაშაგანის საბადოს 6900 ტონა ნავთობი კომპანია „ყაზტრანსოილმა“ გაგზავნა, ხოლო მისი ტრანსპორტირება ტანკერმა, „Akademik Khoshbakht Yusifzade“-მა („აკადემიკოს ხოშბახტ იუსიფზადე“) განახორციელა.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, შაჰდენიზის კონდენსატი და SOCAR-ის კუთვნილი ნედლეული გადაიქაჩება. ამ მილსადენში, ასევე, კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობი გაედინება.

ბთჯ-ის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ - საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

ბთჯ-ის მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან, ანუ 2006 წლის 4 ივნისიდან 2022 წლის ბოლომდე ჯეიჰანის პორტიდან 5 244 ტანკერი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ბთჯ-ით მსოფლიო ბაზრებს 531 მილიონ ტონაზე მეტი (3,99 მილიარდი ბარელი) ნავთობი მიეწოდა.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

წყარო: BPN

Print