გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 110%-ით გაიზარდა - რამდენმა სატვირთომ გადაკვეთა საზღვარი წელს
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მიერ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ 2 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 24 011 352 ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 11 447 085 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი გაორმაგდა, უფრო კონკრეტულად, 110%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს დერეფანი 68 604 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022 წლის 2 თვეში დერეფანში 57 235 სატვირთომ გაიარა. შედეგად, წლიურად 19%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერებმა გაიარა საქართველოს დერეფანში.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

ცნობისათვის, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

წყარო: BPN

Print