დააკავეს კაცი, რომელსაც თურქეთში 4 წელი ეძებდნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში 4 წელი ცხოვრობდა მამაკაცი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ იყო ძებნილი.

ამის შესახებ ხაშურის სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, როდესაც ბრალდებულს საექტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი ხაშურში დააკავეს. პროკურორ ცინდელიაძის ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მიიღო 2022 წლის თებერვალში.

მამაკაცი პოლიციამ 2022 წლის 19 მარტს დააკავა. საექტრადიციო პატიმრობის ვადა 9 თვით განუსაზღვრეს.

ამ ხნის განმავლობაში, პროკურორმა თემურ ცინდელიანმა თურქეთის რესპუბლიკიდან დამატებითი მასალები გამოითხოვა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მამაკაცს თურქეთში 4 012 ძირი და ცალკე ნედლი სახით 88,5 კგ მარიხუანა უპოვეს.

,,თურქეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ მ. ჰ-სა და მის თანამზრახველებს 7 სხვადასხვა ადგილას დარგული ჰქონდათ, ჯამურად - 4 012 ძირი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა". ამასთან, იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - 88 522 გრამი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გასახმობად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა".
- განუცხადა სასამართლოს პროკურორმა.

თბილისის სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის თხოვნა იმის შესახებ, რომ ბრალდებულს სურს საქართველოში დარჩენა, რადგან თურქეთში, რელიგიის შეცვლის გამო, მისი ახლობლები სიცოცხლეს მოუსპობენ:

,,საფუძველს მოკლებულია დამცველის მოსაზრება, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე, ვინაიდან მან შეიცვალა რელიგია და გახდა ქრისტიანი, რადგან ახლობლების მხრიდან მის მიმართ მუქარისა, თუ სხვადასხვა უკანონო ქმედების ჩადენის რეალობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, ანდა რაიმე სარწმუნო ინფორმაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.''
- აღნიშნა მოსასმართლემ.

მოსამართლის აზრით, ადვოკატი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეტური განცხადებებითა და მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით.

,,საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა კონკრეტული პირების მხრიდან მის მიმართ მომდინარე საფრთხის, არამართლზომიერი ქმედებებისა თუ მუქარის შესახებ მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს მითითებულ ფაქტებზე და არც ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიძია ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მათ შორის - ინტერნეტის ღია წყაროების მეშვეობით, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.'' -
აღნიშნა მოსამართლემ.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გენერალურ პროკურატურას მიეცა უფლება, რომ მამაკაცი თურქეთის რესპუბლიკას გადასცეს.
წყარო: ინფო რუსთავი

Print