რესპუბლიკურის არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე – ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.


ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო და აღნიშნულ გეგმას რამდენიმე დღეში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს.

„მე მინდა ასევე გითხრათ ძალიან მოკლედ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან
მალე, რამდენიმე დღეში, ბატონო ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილზე და არა სხვა ადგილზე ახალის აავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით, ასე, რომ არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა კლინიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კლინიკის მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი კლინიკის აშენებას აპირებენ. რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძვირადღირებულ ადგილზეა განთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო შენდება.

კლინიკის თანამშრომლების სახელით გასულ კვირას გავრცელდა განცხადება, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაანგრიოს რესპუბლიკური საავადმყოფო.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ ადგილზე მისულ მედიას განუცხადა, მათ აინტერესებთ კონკრეტული გეგმა კლინიკის რეაბილიტაციასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები