გიგა ბოკერია - რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა
რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ქალების მიმართ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ისეთი ამბავია, „რასაც არ ეშველება“, მაშინაც კი, შალვა რამიშვილი „ხვალ რომ გაქრეს“.

„ერთი კატასტროფაა, შალვა რამიშვილი მთელი თავისი წახნაგებით - კარიერით, ბიოგრაფიით და ახლახან გამოვლენილი ამბებით, რომ არის ამ რეჟიმის მთავარი სახე და პროპაგანდისტი, მის ტელევიზიასთან ერთად, რომელიც ასე იქცევა. ხოლო დამატებით კატასტროფა რაც ვიხილეთ, არის ამ სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედება, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით სახლში შეუვარდნენ.

ანუ რა სტანდარტია - ასეთმა სამარცხვინო მედიასაშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ვიღაცაზე ძალადობენ და პოლიცია ადამიანს სახლში შეუვარდა, რაზეც პასუხს არავინ აგებს. ივანიშვილის რეჟიმი აქამდე მივიდა. ეს არის ის ამბავი, რასაც არ ეშველება, შალვა რამიშვილი ხვალ სულ რომ გაქრეს. რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ამოცანებისთვის ასეთ დაკვეთას შეუსრულებს, არის ჩვენი მომავლისთვის უდიდესი საფრთხე“
, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print