რუსეთი ხორბლისა და ზეთის ექსპორტთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას ამზადებს - რა მექანიზმით შეუძლია მზადება საქართველოს
რუსეთი ხორბლისა და ზეთის ექსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამზადებს, თუმცა როგორი იქნება საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პირველადი დანიშნულების პროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებით ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, ჯერ უცნობია.

მედიაში ორი, ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდება. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი აანონსებს, რომ მთავრობა ფერმერებისთვის საბაჟო გადასახადის გაუქმების საკითხს განიხილავს. მეორეს მხრივ კი, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსმა მწარმოებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, შესაძლოა, ზეთისა და ხორბლის ექსპორტი დროებით შეაჩერონ.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, საქართველო მას სისტემური მოგვარების გზებითა და გარდამავალი მარაგებით უნდა დახვდეს.

„ახლა რუსულ მედიაში ორი სხვადასხვა ცნობა ვრცელდება, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ორივე შემთხვევა რომ განვიხილოთ, თუ ხორბლისა და მზესუმზირას, ასევე მისი თანმდევი პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვა მოხდა, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე ეს შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან მანიპულაციის იარაღი მსოფლიო ბაზრებზე ფასთან დაკავშირებით. მეორე ფაქტორია, რომ მაშინ რუსეთის შიგნით აიწევს ხორბლის ფასი და თვითღირებულებაში ჩაეტევიან ადგილობრივი ფერმერები.

ახლა, რუსეთში ადგილობრივი ფერმერები ითხოვენ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორისაა, მეორე ვერსია, რომელზეც პრემიერმა გააკეთა განაცხადი, რომ შესაძლოა, საერთოდ მოიხსნას საბაჟო გადასახადი. ახლა სავარაუდოდ, ეს ორი ვარიანტი იხილება. ახლა პრობლემის არსი, რომელიც ფერმერებს აქვთ, ის არის, რომ რუსეთის დიდმა მოსავალმა შეამცირა ფასები. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი უკრაინული ხორბლის დერეფნის ვადის გაგრძელებას ოთხი თვის ნაცვლად ორი თვით დათანხმდა. ამ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რუსეთიდან უნდა ველოდოთ კონკრეტულ ღონისძიებებს. ის თარიღები, რაც რუსეთმა დაასახელა, აახლოებს მიჯნას, როცა ეს კვანძი გაიხსნება.

რაც შეეხება ამ კონტექსტში საქართველოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უსაფრთხო გარემო და ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებების შიშში არ ვიყოთ რუსეთის მხრიდან. სტაბილურ გარემოს კი უსაფრთხოება და გარდამავალი მარაგები ქმნიან წისქვილებით და ადგილობრივი ფერმერებით. დღევანდელ სიტუაციაში კი, სამწუხაროდ, ეს დაცული არ არის. რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რუსეთმა, სწრაფად მოგვიწევს გადაწყობა. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ერთის თქმა კი ცალსახად შემიძლია, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას სისტემურად სახელმწიფო დონეზე“,
- განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები