ვფიქრობ, პრეზიდენტი აყოლილია გავრცელებულ ტენდენციებს – სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი აყოლილია გავრცელებულ ტენდენციებს.

გუშინ, 27 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამართლების კუთხით. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და უნდა რცხვენოდეს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, ოპოზიციის ხაზს მიემხროს.

„მე არ მგონია, რომ ვინმეს რამე სამარცხვინოდ მისათითებლად ჰქონდეს მიზეზი და საფუძველი. მიკერძოებაზე როცა ვსაუბრობთ, ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ როდესაც იმავდროულად ქალი ჟურნალისტის წინააღმდეგ პრაქტიკულად ფიზიკური ძალადობა არ ანაღვლებს პრეზიდენტს და ანაღვლებს სხვა გარემოებები იგივე ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება და მიკერძოებულობა[…]

ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელ განცხადებებში პრეზიდენტი ერთგვარად აყოლილია გავრცელებულ ტენდენციებს და ხშირ შემთხვევაში, არ ვიცი ,ოპოზიციისადმი ემპათიის მოტივით თუ სხვა დამოკიდებულებით, მაგრამ ცდილობს, რომ რაღაცნაირად უფრო ოპოზიციის ხაზს მიემხროს“, –
განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანები ცდილობენ, რომ ვითარება განსხვავებულად წარმოაჩინონ.

„მე მგონია, რომ ამ ამბებში ძალიან ბევრი პოლიტიკური და უფრო მეტად პიარული ნაბიჯებია, ვიდრე სამართლებრივად ვარგისი არგუმენტები. ეს გულისხმოს იმას, რომ თუ ჩვენ საკითხებს ზედმიწევნით სამართლებრივად შევაფასებთ, მერე ვითარება ცოტა განსხვავებულად წარმოსაჩენი ხდება ხოლმე.

განსხვავებული იმისგან, როგორადაც ამას შეიძლება პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანები ცდილობდნენ, რომ წარმოჩინდეს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ალბათ, უმჯობესია, რომ პოლიტიკური მიკერძოებისა და დღის წერიგისგან მაქსიმალურად გავათავისუფლოთ ეს საკითხები და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ“,
– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც.

სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში.

სამხარაძესა და სხვა ქალებს, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, მხარდაჭერა არ გამოუცხადა სახელმწიფოს არცერთმა შტომ, გარდა პრეზიდენტისა. მეტიც, შალვა რამიშვილის კრიტიკაზე საუბრისას გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ იგი „ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგი“ არის. შალვა რამიშვილი 2005 წელს მართლაც არის გასამართლებული გამოძალვის ბრალდებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები