თამარ გაბუნია - 2022 წელს, ონკოლოგიური სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებობს მიმართულებები, რომელიც მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნივერსალურად, პაციენტების სოციალური სტატუსის მიუხედავად იფარება. ასეთია ონკოლოგიური სერვისები - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. პროგრამა, ამ მიმართულებით, მუდმივად ფართოვდება. მაგალითისთვის, თუ 2013 წელს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოყოფილი იყო 2.6 მილიონი ლარი, 2022 წელს, დაფინანსების მოცულობა 51-ჯერ გაიზარდა და 134 მილიონი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ონკოლოგიური სერვისები 2023 წელსაც პრიორიტეტებს შორისაა. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს.

„აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ფასების ეფექტურად სამართავად, მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები იქმნება“,
- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა, სამინისტრო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც სხვა, სპეციფიკურ ონკოლოგიურ საჭიროებებს ფარავს.

„ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც შედის და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის, 5 200 000 ლარია“,
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 მილიონზე მეტ ბენეფიციარის, 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები