საქართველოს დღეს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
29-30 მარტს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვევა, – ინფორმაცია საქართველოში შვედეთის საელჩომ გაავრცელა.

მათივე ცნობით, პრინცესა ვიქტორიას უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს, დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: პირველი არხი
Print