გამოხატვის უფლების შეზღუდვა, შერჩევითი სამართალი – რა მოხვდა Amnesty-ის ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად, 2022 წელს საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობასაც აფასებს.

Amnesty International-ის შეფასებით:
  • საქართველოში გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა,
  • შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა გაგრძელდა,
  • ახალმა კანონებმა გაზარდა მთავრობის უფლებამოსილებები თვალთვალის კუთხით და კიდევ უფრო შეარყია სასამართლო და ოფიციალური დამკვირვებლების დამოუკიდებლობა,
  • ქალები და გოგონები კვლავ განიცდიდნენ დისკრიმინაციას და ძალადობის მაღალ დონეს,
  • წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიების წარუმატებლობა კვლავ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და სეპარატისტულ რეგიონებში.
ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მზარდ აგრესიულ რიტორიკასა და ცილისწამების საჩივრებს მსუსხავი ეფექტი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებას.

გამოხატვის თავისუფლების თავში საუბარია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, რასაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვა მოჰყვა. ანგარიშში აღნინულია, რომ ძალადობის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები.

ამავე თავში საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა სუს-ის მონაწილეობით მოხდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მუხთარლის გატაცება ეფექტურად გამოძიებული არაა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების მზარდი გავლენა, შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა კვლავაც შემაშფოთებელია.

ამ კონტექსტში ნახსენებია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ავთანდილ წერეთლის საქმე და ნათქვამია, რომ მათ წაყენებული ჰქონდათ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები.

Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესებზე და აღნიშნულია, რომ „მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა, რომლებიც მიუთითებდნენ შესაძლო „მძიმე ლითონებით მოწამვლასა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკზე“, თბილისის სასამართლომ მას სასჯელი არ გადაუვადა.

Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაც და კრიტიკა, რომელიც მის გაუქმებას სამოქალაქო საზოგადეობის მხრიდან მოჰყვა.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print