რატომ იზრდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი
საქართველოდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით რეექსპორტი ყოველთვიურად იზრდება.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 296%-ით გაიზარდა. აქედან რეკორდული ზრდა ყირგიზეთის (1 086,7%) და ყაზახეთის მიმართულებით (749%) ფიქსირდება. სომხეთში რეექსპორტის ზრდამ 177% შეადგინა, ხოლო რუსეთში -102%.

როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტი, გიორგი გუდაბანძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რეკორდული ზრდა ძირითადად იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, რომელიც დღეს მსოფლიოშია.

მისი თქმით, უკრაინის ომმა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა თუ სანქციებმა მთლიანად შეცვალა სატრანსპორტო, სატრანზიტო მიმართულებები. შესაბამისად, პროდუქტები (მაგალითად ავტომობილები) რომელიც რიგ ქვეყნებში განვითარებული სახელმწიფოებიდან ვერ ხვდება, საქართველოს გავლით შედის.

თუმცა, როგორც გიორგი გუდაბანძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია რეექსპორტზე და არა ადგილობრივ ექსპორტზე, საფრთხე დიდია, ამიტომ ბიზნეს ოპერატორებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, რისკები უნდა გათვალონ და ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინონ.

„საშიში ტენდენცია არის იმ კუთხით, რომ იზრდება რეექსპორტი არა განვითარებული ბაზრებისკენ, არამედ სხვა მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რეექსპორტზეა საუბარი და არა ადგილობრივ ექსპორტზე, მაინც არ არის სახარბიელო მდგომარეობა.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ვვითარდებოდეთ, ცივილიზებული ბაზრების მიმართულებით და არა რუსეთის, ან დსთ-ს წევრი ქვეყნების. ეკონომიკურის გარდა, ეს პოლიტიკურ საფრთხეებსაც შეიცავს (კონკრეტულად რუსეთის ბაზარი).

რამ გამოიწვია ეს - პირველი ის, რომ რეექსპორტის ზრდა, ძირითადად მანქანებზე მოდის და მოთხოვნა სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის. ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ, რატომაც არა, გავიდეს რეექსპორტზე, მაგრამ უმჯობესია, განვითარებულ ბაზრებს ვითვისებდეთ. კონკრეტულად მანქანების რეექსპორტს რომ დავუბრუნდეთ, აქ განვითარებული ბაზრებთან რეექსპორტი თითქმის არ არსებობს, ნულის ტოლია, იმიტომ, რომ საქართველოს შემოჰყავს მანქანები სწორედ ამ განვითარებული ქვეყნებიდან და შემდეგ უკვე გადის დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ერთადერთი, იმ ბიზნესებმა, რომლებიც ოპერირებენ ამ მიმართულებით, მაქსიმალურად უნდა დააზღვიონ ის საბაზრო რისკები, რომელიც თუნდაც რუსეთიდან მოდის. მითუმეტეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების დროს, როდესაც ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია რუსეთის წინააღმდეგ და სხვადასხვა სახის ეკონომიკურ სანქციებს თუ ბერკეტებს იყენებენ მის წინააღმდეგ. ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ეს ბაზარი ჩაიკეტოს ან გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაწესდეს (როგორც სჩვევია რუსეთს ისტორიულად). ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რისკების გაანალიზება და დაზღვევა. ამ ბიზნესებმა უნდა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება.

გარდა ამისა, რეკორდული ზრდა, რა თქმა უნდა, სანქციებსაც უკავშირდება. გარდა იმისა, რომ რუსეთში გარკვეული პროდუქტის იმპორტი ან შეიზღუდა, ან საერთოდ შეწყდა, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეცვლილია სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების მარშრუტები. შედეგად, შეიცვალა დერეფნები, მიწოდების ვადები და ფასები, შესაბამისად, სავაჭრო მიმართულებით ჩვენს რეგიონში არსებული ყველა ასპექტი. ამიტომ, სანქციების გავლენით, ზოგიერთ რეგიონში ვერ შედის კონკრეტული პროდუქცია იმ გზით, როგორც მაგალითად უკრაინის ომამდე. შესაბამისად, ბიზნეს ოპერატორები დაკავებულები არიან იმით, რომ მოიძიონ ახალი სამარშრუტო გზები და კორიდორები, დადგინდეს ახალი თამაშის წესები.

ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი სანქციებით და იმ გეოპოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული, რაც ხდება მსოფლიოში“,
- განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.
წყარო: BPN

Print