პენიტენციურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების მითითებებს
​პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ ემორჩილება ექიმის მითითებებს. ამავე განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე.

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებზე. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, ენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება",
- თქვა მალხაზ ურთმელიძემ.

​მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ემორჩილება ექიმების მითითებებს.

"ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს, ეს როგორ ხდება, არ ვიცი. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობას. არანაირი ძალა აღარ აქვს... ყოველ წუთში შემოდის ექთანი და რაღაცა "ტაბლეტკებს" აძლევს და არასდროს არ გამიგია, რომ უარი ეთქვას..."
- უთხრა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

გუშინ, 28 მარტს ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უკვე 58 კილოა. "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ "სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის":

"დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print