პროკურატურის ცნობით, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაში ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც გუშინ 29 მარტს დააკავეს. უწყების განცხადებით, მას ბრალი წარუდგინეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტზე, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 30 მარტს გააკეთა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა”, –
ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: ნეტგაზეთი

Print