სოციალური დახმარების მოლოდინში- მიქაევების ცხოვრება დაშლილ სახლში – ვიდეო
დაშლილი კედლები, მინების გარეშე დარჩენილი ფანჯრები, ნესტიანი და მიწის იატაკის ოთახები - ამ პირობებში უწევთ ცხოვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მცხოვრებ 63 წლის ამინა მიქიევას და მის 36 წლის შვილს.

ამინას თქმით, რთული ოჯახური პირობების გამო, შესაბამის სამსახურებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა სოციალური შემწეობის დანიშვნაზე არ დაკმაყოფილდა.

„პრობლემა ის არის, რომ სახლის შეკეთება მინდა. ოჯახის რჩენა არ შემიძლია. პენსია საჭმელზე და წამლებზე არ მყოფნის. კედლები დაშლილია. ყველა მხრიდან გველები შემოდიან. 230 ლარი პენსია მაქვს. ისიც არ ვიცი საჭმელზე თუ წამალზე დავხარჯო? არ შემიძლია. შვილი ვერ მუშაობს. რა ვიცი, ხან მეზობლები გვეხმარებიან. შუქის ფულს უხდიან. დამატებით დახმარებას ვერ ვიღებ. დახმარებაზე მივმართე არ მომცეს. განცხადება შევიტანე, არ მომცეს. მითხრეს გეკუთვნითო. მერე კი უარი მოვიდა. გვითხრეს არ გეკუთვნითო. 11 თვის წინ მივმართეთ. ახლახანს კიდევ მივმართეთ განმეორებით. ჯერ არაფერია. მერე ერთორჯერ მივედი(სოციალური სამსახური) მითხრეს არ გეკუთვნისო. მერე აღარ წავედი. მეც, შვილიც, შვილიშვილიც ავად ვართ. მე წნევა, დიაბეტი მაქვს. ფილტვებში სითხე გროვდება. დაავადების გამო დახმარებას არ ვიღებთ. ისეთი ძვირფასი არაფერი არ მქვს. სახლი რემონტის გარეშეა, რატომ არ მეკუთვნის დახმარება?“

მიქიევას თქმით, ამჟმად ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო თირკმელის დაავადების მქონე შვილის მწყემსობიდან მიღებული თანხა და თავისი პენსია, 230 ლარია. ეს კი მათ საჭიროებას არ ფარავს.

„სახლი დაახლოებით 90-იან წლებშია აშენებული. სახლის ნაწილი 6-7 წელია რაც დაინგრა. მაგრამ ეს შარშან დაიშალა. ბავშვი კინაღამ ქვების ქვემოთ მოჰყვა. ღობეც დაშლილია. ყველგან დაიშალა ყველაფერი. არ მაქვს შესაძლებლობა რომ შევაკეთო. რწმუნებული მოვიდა ნახა. სურათებიც გადაიღო, მერე განცხადება დაწერა. ადამიანმა რა როგორც არის ისე უნდა თქვას. განცხადება დაწერა, დამეხმარა. მითხრა შევეცდები მალე იყოსო. ცოტა დახმარება მოგცენო. მაგრამ არაფერი არ მოხდა. სამჯერ საავადმყოფოში ვიწექი. შვილსაც თირკმელები და გული სტკივა. ექიმთან ვერ მიმყავს, ფული არ მყოფნის. 36 წლისაა ვაჟი. შვილიშვილიც 6 წლისაა. შვილი არსად მუშაობს. ხანდახან მწყემსად მიდის. ისიც ძალიან ცოტას აძლევენ. პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც მიწის ნაკვეთი არ გვაქვს“

ამინა მიქიევას ოჯახის სიდუხჭირეს მეზობლებიც ადასტურებენ.

„მდგომარეობა ძალიან რთულია. თავს ვერ ირჩენენ. შუქი, გაზი არ აქვთ, არც წყაროა. კომუნალურის ფულს მეზობლები ვიხდით. შეშას ვერ ყიდულობენ. მეზობელი-ნათესავი შეშას ვაწვდით. შვილი ავად ჰყავს. ექიმთან წასასვლელად არ აქვთ შესაძლებლობა. დედა თვითონ მიდის ნემსის, წამლის საყიდლად, აფთიაქიდან ყიდულობს თავისით წამლებს და სვამს. სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებენ. მიმართეს, რამდენიმეჯერმე მარნეულშიც წავიდნენ. მერე თქვეს თბილისიდან უარი მოვიდაო, არ გვაძლევენო. ჩვენი სოფლის რწმუნებულიც მოვიდა, სურათები გადაიღო და წაიღო. ისევ არ მიაქციეს ყურადღება. სამი წელია სახლი დანგრეული აქვთ" -
ამბობს მეზობელი

მიქიევების ოჯახმა მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოში, საარსებო შემწეობის დანიშვნაზე განცხადება დღეს კიდევ ერთხელ დაწერა. დაენიშნება თუ არა სოციალური დახმარება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მის ოჯახურ მდგომარეობას სააგენტო კიდევ ერთხელ შეისწავლის.


Print ელ. ფოსტა
თეგები: Ailə Marneuli Sosial Yardım
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები