დეგნანი: ფრენები რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქეების კომფორტისთვის აღდგა
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო. დიპლომატის თქმითვე, ფრენები აღადგინეს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეების კომფორტისთვის.

„მესმის, რატომაა შეშფოთებული ქართველი ხალხი. საუბარი არ მიდის ქართველების სანქცირებაზე. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში დაახლოებით 240 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუკი რუსეთის დატოვება სურდა, ეს წინა წელს გააკეთეს.

რეალურად ეს შესაძლოა ეხება რუსეთის მილიონ მოქალაქეს, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. ეს [ფრენების აღდგენა] კეთდება, დიდწილად, რუსეთის მოქალაქეთა კომფორტისთვის, და არა ქართველებისთვის.

ვფიქრობ, გასაგებია ხალხის შეწუხება, გასაგებია, რატომ სუსრს ხალხს, უკეთესად იცოდეს, რა დაუჯდება ეს საქართველოს“,
– უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.

დეგნანმა რუსეთთან ფრენებზე გუშინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პუტინი არაფერს იძლევა სამაგიეროს გარეშე“.

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და „რედ ვინგზმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები