ფოთის პორტში, სატვირთოს ჩხრეკისას, 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოში 80 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ცდილობდა.


უწყების თანახმად, ბრალდებულია 1961 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ჩხრეკისას „მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე“ ჰეროინი აღმოაჩინეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს „განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო: ნეტგაზეთი

Print