რამდენ ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე - 1-ელ კვარტალში ჯამური ხარჯი 372.5 მლნ ლარი იყო
2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ
მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი.

2023 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ელ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 98 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 37 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა,“
- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები