სერგო ჩიხლაძე - პარტნიორებს კისერში აქვთ ამოსული „ქართული ოცნების“ რუსული თამაშები - დიპლომატიურ ენასაც აღარ იყენებენ
ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნების“ რუსული თამაშები უკვე კისერში აქვთ ამოსული - დიპლომატიურ ენასაც აღარ იყენებენ და უკვე პირდაპირ ეუბნებიან, რომ შეწყვიტე საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, გაათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტე , - ასე შეაფასა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია.

ჩიხლაძისთვის გაუგებარია, საქართველოს პარტნიორებმა მმართველ პარტიას სათქმელი სხვაგვარად როგორ უნდა უთხრან, რომ მათ ეს გაიგონ.

„კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია ევროპული პარტიის მიერ კონგრესზე მიღებული იქნა. როგორც ჩანს, ჩვენს პარტნიორებს უკვე კისერში აქვთ ამოსული „ქართული ოცნების“ რუსული თამაშები, უკვე პირდაპირ ეუბნებიან და დიპლომატიურ ენასაც აღარ იყენებენ, რომ შეწყვიტე საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, გათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტე. ამაზე მეტი რაღა უნდა დაუწერონ და მოუწოდონ. სხვათა შორის ტექსტის განხილვის და შესწორებების დროს კიდევ უფრო სიტყვები დამძიმდა, ვიდრე თავდაპირველი ტექსტი იყო. ჩვენმა მეგობარმა პარტნიორებმა თვითონ კიდევ უფრო გაამძაფრეს ტექსტის შინაარსი. მგონი, ყველაფერი ნათელია“,
- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუციაში, რომელსაც ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) მხარი დაუჭირა. ALDE საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ „მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსული ავიაციის მიმართ. ფხიზლად იყოს პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით, რათა სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს.

ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა მმართველი პარტიის მისამართით, რომ შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით. შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიული გაღრმავებით. შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია. შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები