“26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?” — კობახიძე განმარტავს, რატომ არ დაესწრო ღონისძიებას
“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ესწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის ცენტრში.

კობახიძის თქმით, ღონისძიებაზე მის არყოფნას “ცურვასთან და ვარჯიშთან კავშირი არ ჰქონდა”. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, როცა 26 მაისს სპორტდარბაზში მისი ყოფნის ამსახველი ფოტოები შეახსენეს.

“26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ, მოგეხსენებათ, კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს დავსწრებივარ. ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ.

გარდა ამისა, მე მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო, კიდევ ერთხელ, “ნაცმოძრაობის” სახე: რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე”,
— დასძინა მან.

კობახიძის თქმით, “სპეკულაციები” ხელოვნურია.

“სპეკულაციები არის ხელოვნური – რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები. შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არდასწრებას ამ ღონისძიებაზე”.

“26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? არა, რას ჰქვია, 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? არა, აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში? ამას გეუბნებით, რომ სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი.

ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე. ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება…”
— დასძინა მან.

26 მაისს თბილისის ცენტრში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად. მანამდე, 25 მაისს, ირაკლი კობახიძემ „უსამშობლო“ უწოდა ადამიანებს, რომლებმაც “ფეისბუკზე” უკრაინისა და ევროკავშირის დროშებიანი ფოტოს ჩარჩო დააყენეს.

26 მაისის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები