2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მიერ სატრანსპორტო დერეფანში
სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.
კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე)
მიხედვით, გასულ 4 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 53 396 016
ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 23 207
382 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად გზათსარგებლობის საფასურით
მიღებული შემოსავალი 2.3-ჯერ ანუ 130%-ით გაიზარდა.
ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში
საქართველოს დერეფანი 152 560 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022
წლის 1-ელ 4 თვეში დერეფანში 116 036 სატვირთომ გაიარა. შედეგად,
წლიურად 31,5%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა საქართველოს
დერეფანში.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო
დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი
მიიღო. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე)
მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ
ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ
ლარი.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის
გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი
2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის
გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება
გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული
სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის
საფასურმა.