საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ 2025 წლისთვის სრულად დაარეგულიროს
ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა.
მთავრობის ცნობით, პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და შემუშავებულია
ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმების
ფარგლებში.
ამ რეფორმის შესახებ დღეს, 29 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ
პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.
მან თქვა, რომ პაკეტი უკვე მზადაა და მალე პარლამენტს დასამტკიცებლად
გაეგზავნება.
მინისტრის
თქმით, რეფორმა გულისხმობს როგორც ავტოსადგურების
სერტიფიცირებას, ასევე, სამგზავრო ტრანსპორტისთვის უსაფრთხოებისა და
კომფორტის მოთხოვნების განსაზღვრას.
„კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო
გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწასა და
ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო სააგენტოს მიერ. როგორც
იცით, დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ
წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და,
სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც
აისახება, აისახება ტურისტებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები
არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა საქალაქთაშორისო თუ
საერთაშორისო გადაზიდვებით“.
პროექტის თანახმად, განისაზღვრება სამი ტიპის ავტოსადგური: პირველი,
მეორე და მესამე კლასის. იმისდა მიხედვით, თუ სადაა ავტოსადგომი –
კლასი განსხვავდება. მაგალითად, დავითაშვილის განმარტებით, დიდ
ქალაქებში პირველი კლასის ავტოსადგურები მოეწყობა, რომელიც
საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, ხოლო პატარა მუნიციპალიტეტების
ავტოსადგომებს მცირე მოთხოვნები ექნებათ – რაც ითვალისწინებს
თანამედროვე ვიზუალის, კომფორტისა და უსაფრთხოების მინიმალურ
პირობებს.
რაც შეეხება სერტიფიცირებას, მის წესებს მთავრობა თავად შეიმუშავებს.
ამასთანავე, თითოეული მუნიციპალიტეტი მისსავე ტერიტორიაზე
ავტოსადგურის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს, მათვე დაეკისრებათ
გარკვეული უფლებამოსილებები.
„[რეფორმის შედეგად] ჩვენ მივიღებთ ორ რამეს: ერთი, რომ ავტოსადგურები
მოწესრიგდება საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების
შესაბამისად, სტანდარტებში მოექცევა. ასევე, ავტოსატრანსპორტო
საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სერტიფიცირებულნი იქნებიან,
სანებართვო წესებს დაექვემდებარებიან და მათაც უნდა დააკმაყოფილონ
მინიმალური სტანდარტები, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების
უსაფრთხოების, ასევე მომსახურების. იგივე ბილეთების სისტემა იქნება
მკაფიო, გამჭვირვალე, და ელექტრონული“, – ამბობს
დავითაშვილი და დასძენს, რომ 2024 წლის თებერვლამდე ავტოსადგურებმა
მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის
ავტოსადგურების რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.
გამოსვლის შემდეგ ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, რეფორმის შედეგად
გაძვირდება თუ არა ბილეთებისა და მგზავრობის ფასი.
„რაც შეეხება ბილეთის ფასებს, პირიქით, ეს იქნება
გამჭვირვალე პროცესი, იქნება პროგნოზირებადი და გარკვეულ ლოგიკას
დაექვემდებარება ბილეთების ფასები. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება
გაიაფდეს კიდეც. ასე რომ, ბილეთების ფასების გაძვირებას ამ რეფორმის
ფარგლებში ჩვენ არ ველოდებით“, – განაცხადა მან.