საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება.
ნორმა 10 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 5 თვე იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, გააძვირებს თუ არა ფქვილზე საიმპორტო
გადასახადი პურს.
პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს,
რომ ამ ეტაპზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სოციალურ პურზე ფასი
არ გაიზრდება.
„ეს იდეა როცა გაჩნდა და მოთხოვნას აყენებდნენ კონკრეტული
ასოციაციები, უნდა ითქვას, რომ სამთავრობო უწყებები ხაზგასმით
იცავდნენ პოზიციას, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო. ჩვენ მაშინ
ვთქვით, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასის ოპტიმალური ფასი 50 ლარი უნდა
ყოფილიყო, მეხორბლეები 55 ლარს ასახელებდნენ. საბოლოოდ შეჯერება მოხდა
52 ლარზე. ჩვენ ვიცით, რომ დროებითი გადასახადი წესდება 200 ლარის
ფარგლებში ტონაზე. ეს 1 ტომარაზე დაახლოებით 51-52 ლარი გამოდის,
ამიტომ ეს პურის ფასზე არ აისახება.
მესმის, ადგილობრივი წარმოების განვითარება რომ აუცილებელია, თუმცა მე
აქამდე მეტი მოგება მრჩებოდა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში და
ჩნდებოდა შანსი, ისევ წარმოებაში ჩაგვებრუნებინა, განგვევითარებინა
ქარხნები. მით უფრო, რომ სულ მალე ჩვენთან ჰასპის სტანდარტი უნდა
დაინერგოს. თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო.
ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა არ არის სრულად თავისუფალ საბაზრო
ეკონომიკაზე გადასული, არადა, ჯერ ამაზე უკეთესი არავის არაფერი
მოუგონია. თავისუფალ პირობებში გაქვს როგორც ფასში, ასევე ხარისხში
არჩევანის საშუალება", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.