“ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარება ტრაგედიაა” – სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტრაგედიას უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს.

“სულ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერი ასეთ რამეს იტყოდა. მით უმეტეს, 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ნებისმიერი შიდა თუ სახელმწიფოთაშორისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად არის მიჩნეული, სომხეთის რესპუბლიკაში დაუშვებელია. გამოდის, პრემიერ ფაშინიანის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ამ დადგენილებასთან. ეს უპრეცედენტო განცხადებაა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ხისტი გეოპოლიტიკის ეპოქაში. ის, რაც მთიან ყარაბაღს დაემართა, გეოპოლიტიკური კონსესუსის შედეგია. შედეგები შეიძლება საკმაოდ ტრაგიკული იყოს და ის, რაც დაემართა მთიან ყარაბაღს, ეს ტრაგედიაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი ბიჭი დაეცა და რა შედეგამდე მივიდა საქმე”,
– ამბობს არძინბა.

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას სომხეთსა და მთიან ყარაბაღში უკმაყოფილება მოჰყვა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები