დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?
„რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოგვცა მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს, რაც მნიშვნელოვნად გადაწონის ამ მოკლევადიან ეფექტს“. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ? არის აღნიშნული.

„2006 წელს დაწყებული რუსული ემბარგოს, ხოლო შემდეგ ომის შედეგად რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ, საქართველოს ეკონომიკა არათუ ჩამოანგრია, არამედ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას სერიოზული ბიძგი მისცა, რაც ქვემოთ არის აღწერილი. ამ დივერსიფიცირებისთვის შეუცვლელი იყო დასავლური ტექნიკური დახმარება.

ქვეყანამ ახალი სავაჭრო პარტნიორები შეიძინა, ხოლო ძველ სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობა გაზარდა. ამ მასშტაბით დივერსიფიცირებას სხვა თანაბარ პირობებში ვერ მივაღწევდით. თუმცა 2013 წლიდან საგრძნობლად იზრდება რუსეთთან ვაჭრობის წილი. ეს გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც ართულებს დივერსიფიცირების ამოცანას.

ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქვეყნისთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი ვერ მივაღწევთ საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას, - აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორები აფასებენ, თუ როგორი იქნება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ფასი:

საერთაშორისო პარტნიორების შერყეული ნდობა: ნდობის შერყევის მიზეზია რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო შუამავლობასთან დაკავშირებული ეჭვები, რის საფუძველსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმპორტის მკვეთრად გაზრდილი მონაცემები აძლევს. რთულად წარმოსადგენია ქვეყნის ეკონომიკას წლიდან წლამდე ამდენით მეტი საქონელი დასჭირდეს. ამასთან, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი მესამე ქვეყნებში, კერძოდ:

- 87%-ით მეტი მსუბუქი ავტომობილი ($935.4 მილიონიდან $1,756.1 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), საიდანაც შესაძლოა გარკვეული წილი რუსეთში გაედინებოდეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 23.3%- ით ($171 მილიონით, $732.8 მილიონიდან, $903.8 მილიონამდე).

- 62.4%-ით მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($823 მილიონიდან $1,336 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), რაც მესამე ქვეყნებში გაედინება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გასაღებაში ვეხმარებით, იმ დროს როცა სანქციების გამო მყიდველები დაკარგეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 5.3 ჯერ ($43.3 მილიონით, $8.1 მილიონიდან $51.4 მილიონამდე).

- 43.2%-ით მეტი სატელეფონო აპარატი ($225.9 მილიონიდან $323.6 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი). 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 18.2 ჯერ ($20.1 მილიონით, $1.1 მილიონიდან $21.2 მილიონამდე).

სხვა პროგნოზირებადი და გაცილებით უფრო მომგებიანი ბაზრების ვერათვისება: იმ სტრუქტურული პრობლემების გახანგრძლივება, რის გამოც ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი თუ პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმების შესაძლებლობებს ვერ ვითვისებთ. როცა ქვეყანა ერთ ალტერნატივას ირჩევს, სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალებას კარგავს. ეს არის ის, რასაც ეკონომიკაში ალტერნატიულ ღირებულებას ეძახიან.

დამოკიდებულების ზრდა უმდაბლესი მოთხოვნების ბაზარზე: რუსეთი მსოფლიოში ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი ბაზარია, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავი ქართველი მწარმოებელი „გააზარმაცა“ და სტანდარტები დაუწია, რაც პირდაპირ აისახება ნორმალურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები