პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა.

28 მაისს, გვიან ღამით ბანაკის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო“
, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობითა და იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,
– აცხადებენ პროკურატურაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები