უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი
ხელმძღვანელები, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში
შეიყვანა.
მათთან ერთად დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა პუტინისტი ვალერი
კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია Aero Handling
Georgia, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებას უწევს.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში
ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად
გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო
რეჟიმიც.
რუსული ავიაკომპანია
Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს,
უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს
მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით
ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.
რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის
მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების
აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება
"რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას
მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს
სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს
აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
წყარო: tabula.ge