შშმ გოგოებზე სავარაუდო ძალადობის საქმე - მუქარის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო შშმ გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო.

„თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება), გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.

რაც შეეხება, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები.

გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით“,
– ნათქვამია განცხადებაში.

5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები